პირველად ხელნაწერებთან
ვისაც
ერთ ხელნაწერთან მაინც ჰქონია შეხება, დაეთანხმება იმ აზრს, რომ ხელნაწერმა შეიძლება მოგწამლოს, მოგწამლოს სამუდამოდ.
ხელნაწერია ბიბლიის ფილოლოგიის ყველაზე ამაღლებული, მეტყველი, ჯადოსნური მხარე. არტეფაქტი,
რომელმაც წარსულიდან უდიდესი განძი მოიტანა მოგზაურობებით, მტვრიან სარდაფებში მივიწყებებით,
ხელიდან ხელში გადასვლებით, დაფასებებით, დაუფასებლობებით... მოიტანა პერგამენტით,
პაპირუსით თუ ქაღალდით და მოიყოლა მთარგმნელების, რედაქტორების, გადამწერების საოცრად
მეტყველი სახეები.
ქუთაისი. სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი.
შენობის თავზე დამაგრებული საათი, რომელიც მუდმივად გახსენებს, რომ დრო გადის და ყველაფერმა, რაც დღეს მუზეუმის გარეთაა,
შეიძლება, ხვალ მუზეუმის ვიტრინებში გადაინაცვლოს. საოცარია აქ დაცული ექსპონატების
- ძველი სამყაროს იარაღის, სამკაულისა თუ საკულტო დანიშნულების ნივთების ხილვა. თუმცა,
ყველაზე ემოციური მაინც ის არის, რისთვისაც ამ მუზეუმს ვესტუმრეთ - ხელნაწერები - შუა
საუკუნეების საქართველოს ისტორიის, კულტურის გამაცოცხლებელნი. საოცარი შეგრძნებაა,
როდესაც X-XI-XII
საუკუნეების ხელნაწერებს
ეხები და აცნობიერებ, რომ მაშინ, ოდესღაც ეს დიდებული ადამიანების ხელში იყო, როდესაც
ხვდები, თუ როგორი დამოკიდებულებით იქმნებოდა ხელნაწერი, წარმოიდგენ მთელ პროცესს ტყავის
დამუშავებიდან წიგნის შემოსვამდე და გაჟრჟოლებს, ამაყი ხარ და ფიქრობ, რომ უდიდესი განძის მემკვიდრე
ხარ, ხვდები, რომ წარსული ერთი ხელისგაწვდენაა და შეგიძლია შეეხო, რა შორეულადაც უნდა
გეჩვენებოდეს იგი.
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს
20 ივლისს ვესტუმრეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით და პროფესორ
ანა ხარანაულის ხელმძღვანელობით. ექსპედიციაში ვიყავით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
დოქტორანტები და მაგისტრანტები: ეკა კვირკველია (სადოქტორო პროგრამა: ფილოლოგია, ქვედარგი:
ქართული ბიბლიის ფილოლოგია), ნონა ნაჭყებია (პროგრამა - შუა საუკუნეების ქრისტიანული
აღმოსავლეთის ფილოლოგიის მაგისტრანტი), თინათინ ჯიქურაშვილი (პროგრამა - შუა საუკუნეების
ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგიის მაგისტრანტი), ანა მაისურაძე (პროგრამა - შუა
საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგიის მაგისტრანტი), ნინო ჩახვაშვილი (პროგრამა
- ქართველური ენათმეცნიერების მაგისტრანტი).
ქუთაისის მუზეუმში სამუშაოდ ერთი კვირა
გვაქვს. ყველაფერი რთულად გვეჩვენება, მაგრამ იქ მომუშავე ადამიანების კეთილგანწყობა
და პროფესიონალიზმი გვეხმარება. თავიანთ სამუშაო ოთახს გვითმობენ. განყოფილების გამგე
(კურატორი) - ქალბატონი ციცინო მუმლაძე,
ქაღალდის ხელნაწერების რესტავრატორი - ქალბატონი ვიოლეტა ნიჟარაძე, ხელნაწერთა განყოფილების
დიგიტალიზატორი - ქალბატონი
ეკატერინე ყელაურაძე, რეგისტრატორი - ქალბატონი ნინო კუხიანიძე მთელი კვირის განმავლობაში
ყურადღებას არ გვაკლებენ და თავიანთ ცოდნას გვიზიარებენ. აქ ყოფნისას ვხვდებით, რამხელა
ადგილი უჭირავს მათ ცხოვრებაში ხელნაწერებს, ხელნაწერებზე ყვებიან არა როგორც ნივთებზე,
არამედ როგორც ცოცხალ არსებებზე, რომელთაც უცხოვრიათ, ბევრი განუცდიათ და ბოლოს ქუთაისის
სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაუდიათ ბინა.
თანამშრომლები გვიხსნიან, რომ გარდა სიგელ-გუჯრებისა
და საზოგადო მოღვაწეთა არქივებისა, ქუთაისის მუზეუმში 730 ხელნაწერი ინახება და აქაა
თავმოყრილი მთელი დასავლეთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. აქვე ვიგებთ ერთი გავრცელებული
ამბის რეალურ ისტორიას, რომელიც ქუთაისის ისტორიული საზოგადოების დამფუძნებელს - ტრიფონ
ჯაფარიძეს უკავშირდება: უღმერთოთა კავშირის წევრებს მოწამეთას ეკლესიიდან ამოუთხრიათ
წმინადანების - დავითისა და კონსტანტინეს ძვლები და ქუთაისში, I სკოლასთან დაუყრიათ. თურმე, წმინდანთა ძვლებზე გადი-გამოდიოდა ვალია ბახტაძე და თან ყვიროდა
- აბა, ღმერთი რას მიზამს, თუ მართლა წმინდანები არიანო. ტრიფონ ჯაფარიძეს უთქვამს
- მეტი რაღა უნდა გიყოს, გაუგიჟებიხარო. ეს ამბავი სხვადასხვა ვარიაციით დღემდე გავრცელებულია,
თუმცა, როგორც წესი, გვარ-სახელებს არ აკონკრეტებენ. (პროფესორი ანა ხარანაული აქაც
მიგვითითებს, როგორ უნდა განვასხვავოთ პირველადი და მეორეული პლასტი).
აქვე ვეცნობით ქუთაისის მუზეუმში დაცულ
არაჩვეულებრივ ხელნაწერებს. კალიპოსის (K-76), ხონჭიორის
(K-74),
მოწამეთას (K-182),
ოქროს (K-375) სახარებები განსაკუთრებულად დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ.
„1936 წ. ნაპოვნი გელათის მთავარი ტაძრის
სამხრეთ-დასავლეთის ფანჯრის ჩარჩოში ჩაკუჭული~ - მოკლე აღწერა
K-671-ის შემნახველ ფაილზე. „ჩაკუჭული~
... ყველაზე მეტად ეს სიტყვა ხვდება გულს... ხვდები, რამდენი რამ შეიძლება იყოს „ჩაკუჭული~
ყველგან. საბოლოო ჯამში ხომ ამ „ჩაკუჭული~ ისტორიის გაცოცხლებას
ვცდილობთ.
დასრულდა ხელნაწერებთან ჩვენთვის პირველი და მრავლისმომცემი
ურთიერთობის დღეები. გვსურს, გულწრფელი მადლობა ვუთხრათ ქუთაისის მუზეუმის თანამშრომლებს
და გამოვთქვათ სურვილი, რომ ყველგან მსგავსი კეთილგანწყობით შეხვდებიან ხელნაწერების
კვლევით დაინტერესებულ პირებს.
ანა მაისურაძე
თინათინ ჯიქურაშვილი