Friday, January 5, 2018

ბოსტონური SBL-ი ანუ მოგზაურობა დროში




ეკა კვირკველიას ფოტო


ნათია მიროტაძე
ეკა კვირკველია



– რა კონფერენცია იყო, არა?! 10 000 მონაწილე ჰყავდა! – SBL-ის კონგრესის მოზრდილ და ათასი წვრილმანით გატენილ მწვანე ჩანთას ვაკვეხებ თვითმფრინავის უკვე სავსე თაროზე და ვხვდები, რომ, ჩანთის გამოისობით, ეს შენიშვნა მე მეხება. შევხედე, გავუღიმე და დავეთანხმე. შენიშვნის ავტორი მოქერო (ასე მახსოვს) და აშკარად სეპტუაგინტა ყმაწვილი აღმოჩნდა. შემდეგ ჩანთის დადებაში დახმარება შემომთავაზა, – თუ გინდათ, დაგეხმარებითო. კი არ მინდოდა, არანაკლებ დიდი ჩანთები დამიდია არანაკლებ სავსე თაროზე, მაგრამ სეპტუაგინტას ხათრით დავთანხმდი, ცოტა იმანაც იწვალა და ჩანთა დავაბინავეთ. თავაზიანი ღიმილით მადლობა მოვახსენე, მოვთავსდი ჩემს სკამზე და მასაც და მის უკან მომავალ ხალხსაც გზა გავუთავისუფლე.
ჩემს გვერდით გერმანელი გოგონა იჯდა. SBL-ის ჩანთა არ ჰქონია თან, მაგრამ, თავს დავდებ, ისიც სეპტუაგინტა გოგო იყო.
ერთი მწვანეჩანთიანი თანამგზავრი უკვე მიუნხენის აეროპორტში დავლანდე და კიდევ ორი, ანა ხარანაული და ეკა კვირკველია, ჩემი თანამგზავრები იყვნენ.
მწვანე ჩანთებით კონგრესის მონაწილეები მხოლოდ თვითმფრინავსა და მიუნხენის აეროპორტში კი არ ვცნობდით ერთმანეთს, ხუთი დღის განმავლობაში მთელი ბოსტონის მასშტაბით ხან სად გადავეყრებოდით თანაკონგრესელებს, ხან სად. სულაც რეგისტრაციის დღეს რეგისტრაციის ადგილის მოსაძებნად არც რუკაა საჭირო, არც კითხვა და დაზუსტება, ათასობით ერთნაირჩანთიანი ადამიანი გამოდის ერთი კარიდან, როგორც ჭიანჭველები ჭიანჭველების ბუდიდან.


SBL-ის ყოველწლიური კონგრესი

კონგრესის დაგეგმვა ძალიან ადრე იწყება, აბსტრაქტებისა და სათაურების მიღება ერთი წლით ადრე ცხადდება და თითქმის სამი თვე გრძელდება. გამოცხადებულია საპროგრამო ერთეულები, რომელთაც თავ-თავისი ხელმძღვანელი ჰყავს. მოხსენების თემატიკიდან გამომდინარე, მონაწილეობის მსურველი ირჩევს საპროგრამო ერთეულს და ერთეულის ხელმძღვანელს უგზავნის მოხსენების მაქსიმუმ 300-სიტყვიან აბსტრაქტს. რეგისტრაციის დასრულებიდან რამდენიმე ხანში, დადებითი პასუხის შემთხვევაში, აპლიკანტს ეგზავნება დასტური. დაახლოებით ორ თვეში იწყება რეგისტრაცია, რეგისტრაციის საფასური ყოველ თვეში იმატებს და სექტემბერში არაწევრებისათვის უკვე 500 დოლარს აღწევს. ყაირათიანებისა (Super Saver) და პირველი მერცხლებისთვის (early birds) კი გაცილებით იაფია. ყველა ეტაპზე ორჯერ იაფად რეგისტრირდებიან სტუდენტები, კონფერენციაზე დასწრებაც ფასიანია და წინასწარი რეგისტრაცია დამსწრეთათვის თუ თანმხლებ პირთათვის სავალდებულოა (რა თქმა უნდა, ეს მონაწილეობაზე იაფია).
რეგისტრაციასთან ერთად, უკვე მზადაა იმ სასტუმროების ჩამონთვალი, რომლებიც ძალიან ახლოსაა საკონფერენციო დარბაზებთან (ხშირად ამავე სასტუმროებშია) და რომელთა დაჯავშნაც მონაწილეს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია. კონფერენციის საიტზე განთავსებულია ინფორმაცია კონფერენციის ქალაქში სატრანსპორტო საშუალებების შესახებ, კონგრესის მონაწილეებს შეღავათიან ფასად ემსახურებიან სპეციალური ავტობუსებიც, რომლებიც  უზრუნველყოფენ მათ ტრანსპორტირებას აეროპორტიდან სასტუმროებში და პირიქით.
ივნისში კონფერენციის პროგრამის ელექტრონული ვარიანტი მზადაა, ბეჭდური მსურვლებს სახლებში ეგზავნებათ. ვისაც ამ სერვისით სარგებლობა არ უნდა, საკმაოდ სქელტანიან პროგრამას რეგისტრაციისას იღებს ჩანთასთან და ბეიჯის საკიდთან ერთად. ბეიჯებს წინასწარ გზავნიან მეილზე, რომელიც გამგზავრებამდე უნდა ამობეჭდოს და ამოჭრას მონაწილემ. ზარმაცებსა და წინდაუხედავებსაც არ აქვთ აღელვების საფუძველი, მათ რეგისტრაციის ადგილას ხვდებათ კომპიუტერები, პრინტერები და მაკრატლები ბეიჯების დასამზადებლად. პირველად რომ მივიღე მეილი, ბეიჯი ამოიბეჭდე, ამოჭერი და ისე ჩამოდიო, გამიკვირდა, ასეთი რა გაჭირვება ადგათ, ჩვენ რომ გვაბეჭდინებენ-მეთქი. ახლა მივხვდი, ეს რამდენიმე ათასი კაცი თავის სახელზე გამზადებული ბეიჯის ძებნას რომ დაიწყებს, კი შეიქმნება დიდი ჯგლეთა და აყალმაყალი.
ეს არ არის მხოლოდ კონფერენცია, ყველა დიდი სამეცნიერო გამომცემლობა მონაწილეობს წიგნის ბაზრობაში და კონგრესის მონაწილეთ დიდი ფასდაკლებით შეუძლიათ მათთვის სასურველი ბეჭდური წიგნისა თუ ელექტრონული გამოცემისა და ბაზის ყიდვა. თუ ვერ იყიდი, ყველა ახალი გამოცემაა თავმოყრილი და იმას მაინც დაათვალიერებ და ნახავ, რა არის ახალი და რისი დაძებნა შეიძლება საზღვარგარეთის ბიბლიოთეკებში.
 SBL-ის კონგრესების ჩემთვის ყველაზე საყვარელი ნაწილი, ტევადი და მოსახერხებელი ჩანთების შემდეგ, არის კონგრესის მობილური აპლიკაცია, რომელიც მოხსენებების არჩევის, დღის დაგეგმვისა და ყველა ინტერესის დაკმაყოფილების საუკეთესო საშუალებაა. აპლიკაციაშივე ჩატვირთულია რუკები, რომლებითაც ძალიან ადვილია სასურველი სახელისა და გვარის ან სათაურისა და თემატიკის შერჩევის შემდეგ იმ ლოკაციის მოძებნა, სადაც მოხსენება იმართება.
კონფერენციის ლოკაციებთან ახლოს არის Fed-ex-ის მომსახურების ჯიხურები, სადაც შესაძლებელია მოხსენებისა თუ ჰენდაუთების ამობეჭდვა (ოღონდ, ცოტა ძვირია და აქედანვე ჯობია ამობეჭდილის წაღება).
გარდა ძალიან ფართო და მაღალკვალიფიციური სამეცნიერო საზოგადოებისათვის საკუთარი კვლევის შედეგების გაცნობისა, SBL-ის კონგრესები საქმიანი შეხვედრებისა და მომავალში განსახორციელებელი სამეცნიერო პროექტების დასახვის კარგი საშუალებაცაა.


ოდისეის დასაწყისი

ბიბლიის ლიტერატურული საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ბიბლიოლოგთა ყოველწლიურ კონგრესზე, რომელიც 2017 წელს ქალაქ ბოსტონში გაიმართა, საქართველოდან სამნი ვიყავით: ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ანა ხარანაული და ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტები ეკა კვირკველია და მე, ნათია მიროტაძე.
აქედან 17 ნოემბერს, დილის 6 საათზე, გავფრინდით მიუნხენის გავლით. ფრენებს შორის თითქმის ათსაათიანი შუალედი როგორღაც გავიყვანეთ. ბოსტონისკენ მიმავალ გეითთან კრისტინ დე-ტროერს შევხვდით, რომელიც SBL-ის კონგრესზე ჩვენი საპროგრამო ერთეულის – მეფეთა წიგნების ტექსტუალური კრიტიკის – ხელმძღვანელი, ზალცბურგის უნივერსიტეტის პროფესორი და სენტ-ენდრიუსის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ყოფილი დეკანია. ძალიან სასიამოვნო, აქტიური და ყურადღებიანი ქალბატონი. უკვე ჩასხდომის შემდეგ თვითმფრინავში ამოვიდა რაინჰარდ მიულერი, მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი.
ბევრი ვიფრინეთ თუ ცოტა ვიფრინეთ, ასე იყო თუ ისე, უძრაობის, კისრის გაშეშებისა და ძილბურანის რვა საათიც გავიდა (ზემოხსენებულ პასივობებთნ ერთად, კარიბების ბოლო ნაწილიც ვნახე, ელიზაბეტ სუონისა და წყევლაახსნილი უილ ტერნერის შეხვედრა ცოტა სულელურია). ჩავედით ამერიკაში, მესაზღვრეებმა ერთი-ორი ფორმალური კითხვა დაგვისვეს და გავემართეთ ბარგის ასაღებად. კრისტინსა და ანას უკვე რაინჰარდ კულემანიც შეერთებოდა. ჩავდექით ტაქსის რიგში, ნელ-ნელა შემოგვიერთდნენ ჰელსინკელებიც: მარტი ნისინენი და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა მკვლევარი. როგორც იქნა, პატარა-დიდი (მინი ვენი თუ რაც ჰქვია) ტაქსიც გამოჩნდა საჩვენოდ. ბოსტონის აეროპორტსა და ბოსტონს ოკეანე ჰყოფს, თბილისში რუკებზე დაკვირვების შემდეგ მეგონა ხიდით გადავკვეთდით ოკეანეს. თურმე არავითარი ხიდი არ არსებობს და აეროპორტსა და ქალაქს ოკეანისქვეშა გვირაბი აერთებს, რომელიც სულაც არაა წარმტაცი სანახავი, თეთრი პატარა კაფელებითაა მოპირკეთებული და ერთი სული გაქვს, როდის დამთავდება. ამ ჩემი ერთი სულის ჯინაზე მომცრო საცობშიც ამოვყავით თავი და ოთახის კარი რომ შევაღეთ და ჩანთები დავაწყვეთ, ამერიკაში უკვე 17 ნოემბრის საღამოს ცხრა საათი იყო. ჩემოდნები ამოვალაგეთ, მაღვიძარები მოვმართეთ და დავიძინეთ, დილას რეგისტრაციაც უნდა გაგვევლო და უკვე 9 საათზე მოხსენებასაც დავსწრებოდით. ვიცი, იტყვის ერთი-ორი ჩემი ნაცნობი, დაგეძინა მერე, რა დროს სესია, მოხსენება, ზირაქი და ჰეგზაპლა იყოო, მაგრამ ამხელა გზას რომ გადიხარ, ოკეანეს გადალახავ და დღე-ღამეს აირევ, დროს ძილში ხომ არ გაატარებ, ხალხშიც ხომ უნდა გაერიო, ძველი ნაცნობები ნახო, ახლები გაიცნო და გაიგო ვინ რაზე და როგორ მუშაობს. რა ვიცი, იქნებ მომავალ წელს დავჭკვიანდე და დავიძინო. ან შეიძლება გავმდიდრდე (ან ქვეყანა გამდიდრდეს) და ანელი ემელეუსივით მოვიქცე, რომელიც კონფერენციის დაწყებამდე ორი დღით ადრე ჩადის ხოლმე, დასვენებაც რომ მოასწროს და დროში ორიენტირებაც. შარშან ფრენების არარსებობის გამო ერთი დღით ადრე ჩავედით და ერთი დღით გვიან წამოვედით, თანაც კონგრესის პირველივე დღეს ქალბატონი ანა სესიის თავმჯდომარეც იყო და საღამოს სესიაზე მოხსენებაც ჰქონდა წასაკითხი. რუსთაველის ფონდისა თუ სახელმწიფოს წესებით კი ზედმეტი დღეები არ ანაზღაუდება. მოხსენების კარგად წაკითხვას კი კარგი დასვენება ნამდვილად სჭირდება, თან ამერიკული შუადღის 2 საათზე თბილისური შუაღამის ანგარიშით თვალს რომ ვეღარ ახელ ნაფრენ-ნამგზავრ-კისერგაშეშებული.
კონგრესის პირველ დღეს შევხვდით ანელი ემელესუსს, პიტერ ჯენტრის, კლოდ კოქსს, ფელიქს ალბრეხტს, რაინჰარდ კულემანს (კრისტინი საღამოსღა გამოჩნდა) და სხვა მრავალთ. კონფერენციას რომ რამდენიმე ათასი მონაწილე ჰყავს, ცხადია, თემატიკაც ძალიან მრავალფეროვანი იქნება, ტრადიციული კვლევებით დაწყებული თანამედროვე ელექტრონული გამოცემებით დამთავრებული. ჰარი პოტერის მკითხველნიც კი იპოვიდნენ მათთვის საინტერესო სექციას, გენდერისა და ფემინიზმის შესახებ რომ აღარაფერი ვთქვათ.
ვნახე ერთი ჩემი ნაცნობიც, ალბერტ ტენ კატი (Albertus ten Kate), რომელიც წლების წინ (მგონი 2011-ში) გავიცანი თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე. ბატონმა ალბერტმა ერთი წლის შემდეგ, უკვე სხვა კონფერენციაზე ჩამოსულმა, წიგნები მაჩუქა ესთერის შესახებ. ისე გაუხარდა ჩემი დანახვა, შემრცხვა, რომ მაინცადამაინც მსგავსი გრძნობები არ აღმეძრა მისი მისამართით.


დღე მოხსენებებისა

მთელი ორი დღის განმავლობაში ხან ვინ მეტყოდა, შენი მოხსენების მოსასმენად უნდა მოვიდეო, ხან – ვინ (ტენ კატმა მომიბოდიშა, მივდივარო). ამ ფონზე, გვარიანად შევფიქრიანდი, ნეტა რა უნდა ვუთხრა ამ ხალხს-მეთქი. კი ვეუბნებოდი, არაა საჭირო, ნუ აირევთ გეგმებს, ნუ დააგვიანებთ თვითმფრინავზე, მაგრამ არა, მოვდივართო. ჩემი მოხსენების სათაური რომ გადმოვაქართულოთ, ასე იქნება: ჰეგზაპლური მარცვლები პირველი მეფეთას ქართულ ვერსიებში. მოხსენებები ჰეგზაპლასა და მეფეთა წიგნების ჰეგზაპლურ ვერსიებზე რომ უნდა წაგვეკითხა, ამაზე ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში, სან-ანტონიოს კონგრესზე შევთანხმდით. კრისტინი წელსაც, ჩვეულებისამებრ, იყო საპროგრამო ერთეულის – მეფეთა წიგნების ტექსტუალური კრიტიკა (Textual Criticism of Samuel – Kings) – ხელმძღვანელი. პანელის მუშაობა ორ სესიად გაიმართა; პირველ სესიაზე (სესიის ხელმძღვანელი ანელი ემელეუსი) მოხსენებები წარმოადგინეს ანა ხარანაულმა (თსუ), რიჩარდ სალიმ (ჰარვარდის უნივერსიტეტი) (გვარიანად მოხუცი კაცი აღმოჩნდა, რომლის კომპიუტერსაც წინა საღამოს სისტემა განუახლებია და ძლივს ჩართო სლაიდშოუს წარმოსადგენად), გაი დარშანი (თელ-ავივის უნივერსიტეტი), მეთიუ რიშელი (FLTE) და კრისტინ დე ტროიერი; მეორე სესიის თავმჯდომარე უკვე კრისტინ დე ტროიერი გახლდათ, მოხსენებებით კი ანელი ემელეუსი (ჰელსინკის უნივერსიტეტი), ნათია მიროტაძე (თსუ), კი-მინ ბანგი (ჩიკაგოს თეოლოგიის ლუთერანული სკოლა) და დებორა სკოგინს ბელანტინ-რუტჯერსი (ნიუ ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტი) წარვდექით. რეგლამენტი 30 წუთი იყო, რომელიც 20 წუთიან მოხსენებასა და 10 წუთიან დისკუსიას მოიცავდა.
ანა ხარანაულის მოხსენება – ჰეგზაპლური რეცენზია თუ ალექსანდრიელი გრამატიკოსის ეკდოსისი? – ბიბლიის ტექსტის ისტორიის გადააზრების ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და ნოვატორულ საკითხს შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც ორიგენეს მიზანი არ ყოფილა სეპტუაგინტას ტექსტის შეცვლა და ებრაულ მასორეტულ ტექსტთან დაახლოება. მან მოამზადა ეკდოსისი, ერთგვარი სინოპტიკური გამოცემა, რათა ცხადად წარმოეჩინა სეპტუაგინტას მსგავსებები და განსხვავებები, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მსგავსებები მასორეტულ ტექსტსა და ალტერნატიულ ბერძნულ თარგმანებთან. თავის მხრივ, ჰეგზაპლას საფუძველზე მომზადდა სხვადასხვა გრამატიკოსთა მიერ ალექსანდრიული ფილოლოგიური სკოლისათვის ტრადიციული ეკდოსისები, რომლებიც ტრანსმისიის პროცესში ტექსტის ცვლილების მიზეზი გახდა. ამ საკითხის შესახებ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ანა ხარანაული აქტიურად ბეჭდავს სტატიებსა და წარმოადგენს მოხსენებებს. ორიგენეს საქმიანობას ალექსანდრიელი გრამატიკოსის მოღვაწეობად განიხილავს ფრანჩესკა სკირონიც და ამავე იდეას ვარიაციული ფორმით წარმოადგენს პეტერ ჯენტრიც. იგივე იდეა ჰეგზაპლური რეცენზიის ხასიათზე ახლებური შეხედულებების წყაროდ იქცა, რისი დადასტურებაც ანელი ემელეუსის მოხსენება – ჰეგზაპლური რეცენზია და ჰეგზაპლური იკითხვისები პირველ მეფეთაში – გახლდათ.
როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ჩემი მოხსენება იყო ჰეგზაპლური მარცვლები პირველი მეფეთას ქართულ ვერსიებში. ასეთ მარცვლებად გამოვყავით უმცროს მთარგმნელთა ვარიანტები, რომლებიც ძირითადად ოშკური ტიპის ტექსტში ვლინდება. კვლევამ აჩვენა, რომ ჰეგზაპლური მასალა ქართულ ვერსიაში ლუკიანური ტექსტუალური ფორმის მეშვეობითაა შემოსული და ზოგიერთ შემთხვევაში უმცროს მთარგმნელთა ისეთ ვარიანტებსაც ინახავს, რომლებიც ბერძნულ წყაროებში დაცული აღარაა.
ჩვენს მოხსენებებს ყველა დაესწრო, ისინიც კი, ვინც წინასწარ გვებოდიშებოდა, შეიძლება ვერ მოვახერხოთ მოსვლაო და ისინიც, ვისაც წინასწარ არ უცნობებია, რომ მოვიდოდნენ. ამათ შორის იყო ალისონ სალვესენიც, ოქსფორდის უნივერსიტეტის თეოლოგიისა და რელიგიის ფაკულტეტის პროფესორი (Professor of Early Judaism and Christianity; Supernumerary Fellow in Oriental Studies, Mansfield College), გარდა ამისა, იგი არის ჰეგზაპლას ინსტიტუტისა და პროექტის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. პროექტი მიზნად ისახავს ორიგენეს მრავალკოლონიანი გამოცემის გადარჩენილი მასალის თავმოყრასა და ელექტრონული მონაცემთა ბაზის მომზადებას. ეს ადამიანები მაინცადამაინც ჩვენი მოსმენისა და ნახვის სურვილს არ მოუყვანია, მათი ინტერესის ძირითადი ობიექტი ბიბლიის ქართული თარგმანი იყო, რომელიც ბიბლიის ტექსტის ისტორიის კვლევისათვის ფასდაუდებელი და მნიშვნელოვანი წყაროა.
სესიის დამთავრების შემდეგ მრავალი გულწრფელი დადებითი შეფასება მივიღეთ. პირველი მეფეთას ქართულ თარგმანზე მუშაობა კოორდინირებულად მიმდინარეობს ანელი ემელეუსთან და მის ჯგუფთან. ანელი ემელეუსი პირველი მეფეთას ბერძნული ტექსტის გამოცემას ამზადებს გოტინგენის ბიბლიის პროექტის ფარგლებში. გამოცემაში ქართული თარგმანის ვარიანტებიც შევა.
ეკას მოხსენების შესახებ გადმოცემით უნდა მოგახსენოთ. მისი სესია ჩვენი სესიების პარალელურად იყო და, სამწუხაროდ, ეკას მარტოს, მხარდამჭერ-გამმხნევებლის გარეშე, მოუხდა გიორგი მთაწმინდელის რეცენზირების ხასიათზე საუბარი. სესიის თემატიკა, რა თქმა უნდა, ახალი აღთქმის ტექსტუალური კრიტიკა იყო. სესიაზე მოხსენებები, ეკასთან ერთად, ჯენიფერ ვიანტმა (პრინსტონის უნივერსიტეტი), იან კრანსმა (ამსტერდამის უნივერსიტეტი), სილვია კასტელიმ (ამსტერდამის უნივერსიტეტი), რომი ვასერმანმა (ლუნდის უნივერსიტეტი) წარმოადგინეს. სესიის თავმჯდომარე ანე-მარი ლუიანდიაკი გახლდათ. ეკა კვირკველიას მოხსენებაში მოკლედ იყო მიმოხილული სახარების ძველი ქართული თარგმანების ისტორია, ხელნაწერები და ტექსტუალური ტიპები, გიორგი მთაწმინდელის რეცენზირების ეტაპები და ხასიათი. მოხსენების შემდეგ პირველივე კითხვა კვლავ იმ საკითხს შეეხებოდა, ბიბლია ქართულად სომხურიდან რომ ითარგმნა. საბედნიეროდ, მსგავსი კითხვა ძველი აღთქმის ტექსტებზე მომუშავეთ აღარ უჩნდებათ. იმედი გვაქვს, რომ ახალი აღთქმის ძველი ქართული ვერსიის შესახებ მოხსენებების სისტემატური წარმოდგენა მსგავსი დონისა და მასშტაბის კონგრესებზე ახალი აღთქმის ქართული ვერსიის შესახებაც მოხსნის „მე-20 საუკუნის დასაწყისის უკვე დრომოჭმულ თეორიას, რომელსაც რობერტ ბლეიკი, კირსოფ ლეიკი და სხვანი ავითარებდნენ (ე. კვირკველია),“  მისი სომხურიდან მომდინარეობის შესახებ. ახალი აღთქმის სხვა სესიაზეც დაისვა კითხვა, რატომ არ მოხვდა სახარების ქართული თარგმანი მიუნსტერის უნივერსიტეტის მიერ ახალი აღთქმის ხელნაწერთა ახლადმომზადებულ ვირტუალურ ოთახში. პასუხი იყო ძალიან მძიმე მოსასმენი: იმიტომ, რომ ჯერ კიდევ დაზუსტებით არ ვიცით, საიდან ითარგმნა იგი, სომხურიდან თუ ბერძნულიდან. ამგვარი მოცემულობა მთელი სიგრძე-სიგანით შეგაგრძნობინებს, თუ რამხელა ძალისხმევა, რამდენი საერთაშორისო კონგრესი, მოხსენება და სტატიაა საჭირო, რათა საუკუნის განმავლობაში გამყარებული აზრი შეაცვლევინო ახალი აღთქმის ტექსტის თანამედროვე დასავლელ მკვლევრებს.


ოდისეის დასასრულის დასაწყისი

მომდევნო დღე კონგრესის ბოლო დღე იყო, დილით ბარგი ჩავალაგეთ და კვლავ დავადექით შინდაბრუნების ძალიან ხანგრძლივ და დამღლელ გზას.
ახლა ორიოდ სიტყვას მათთვისაც დავწერ, ამას რომ წაიკითხავს და იტყვის, რას გვატყუებენ, ბოსტონში როგორ არ გაისეირნებდნენ, მაღაზიებს როგორ არ ჩამოუვლიდნენ, სუვენირებს მაინც ხომ წამოიყოლებდნენო. დიახ, ბატონო, დავლაშქრეთ ბოსტონი, მოვიარეთ ფეხით, დავტკბით მისი არქიტექტურით, ძეგლებით, ბაღებ-პარკებითა და ციყვებით.
ეკამ ჰარვარდიც კი მოინახულა (ჩვენ სუბიექტურ-ობიექტური მიზეზები გვქონდა). გულდასაწყვეტი იყო ისიც, რომ ბერთის სახარება, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინახება, უნახავი დაგვრჩა. ერთი რამ ცალსახად შემიძლია ვთქვა, ბოსტონი, სულ ცოტა, ათჯერ მაინც ჯობია სან ანტონიოს. 
ბოსტონის ცენტრალურ ნაწილს, რომელიც შემაღლებულ ადგილას მდებარეობს, გარს ჩარლის მდინარე და ბოსტონის მთავარი სრუტე აკრავს. სწორედ აქ არის თავმოყრილი ქალაქის უმთავრესი ცათამბჯენები. მდინარის გადაღმა, რომელიც რეალურად ქალაქის პერიფერიულ ნაწილად ითვლება, მდებარეობს ყველასთვის საოცნებო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ცოტა მოშორებით ჰარვარდის საუნივერსიტეტო კომპლექსი, ულამაზესი ბაღითა და პატარა, აგურისფერი შენობებით. ეზოში უნივერსიტეტის დამაარსებლის, ჯონ ჰარვარდის, ქანდაკებაა, რომლის ფეხსაცმლის აწ უკვე ძალიან გაპრიალებული ფეხსაცმლის ცხვირს ასობით ტურისტი ეტანება. ტრადიციის თანახმად, მას სტუდენტებისათვის წარმატება და იღბალი მოაქვს. ქალაქის ამ ნაწილს კემბრიჯი ჰქვია, რომელიც საცხოვრებელ უბანს წარმოადგენს. რომ არა შიგადაშიგ მდებარე ამერიკული ყაიდის სახლები, თავი რომელიმე ევროპულ ქალაქში გეგონება ადამიანს.
სხვათა შორის, ჩვენი ჩაფრენის წინა ღამეს ზაზა ფაჩულიას გოლდენ სტეიტ ვარიორსმა ბოსტონ-სელტიკთან წააგო. ცოტა ადრე რომ ჩავსულიყავით, იქნება თამაშსაც კი დავსწრებოდი. ვიცი, რა სასაცილოდაც ჟღერს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. კალათბურთის დიდი მოყვარული არ გახლავართ, მაგრამ ვორიორსების ვარსკვლავურ გუნდს სიამოვნებით ვნახავდი ახლოდან.
მადლობას ვუხდით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელმაც სტუდენტური სამეცნიერო პროექტების ფარგლებში სრულად დააფინანსა ჩემი და ეკას მონაწილეობა კონფერენციაზე. რომ არა უნივერსიტეტი, ნამდვილად ვერ მოვხვდებოდით ბიბლიოლოგიის ამ უმნიშვნელოვანეს კონგრესზე. არც ერთი ჩვენგანის მოხსენება რუსთაველის ეროვნული ფონდის სამოგზაურო გრანტების კომისიამ არ ჩათვალა დაფინანსების ღირსად, ერთი მხრივ, ნაკლად დაგვისახელეს ის, რომ დასაფინანსებლად ჩვენ მიერ წარდგენილი მოხსენებები სტატიების ფორმისა იყო დამოწმებებ-მითითებებით. გარდა იმისა, რომ თავად კონკურსის შეცვლილი პირობები მოითხოვდა 5 000-სიტყვიანი (არ მეშლება) აბსტრაქტის (პრაქტიკულად გამოსაქვეყნებელი სტატიის (თორნიკე სხირტლაძე) წარდგენას, არაერთი მოხსენება მინახავს სქოლიოებითა და სათანადო დამოწმებებით აღჭურვილი. გონიერი ადამიანი ერთ საქმეს ორჯერ არ გააკეთებს და თავიდანვე ამოწერს დამოწმებებსა და მითითებებს სწორად და ზუსტად. გარდა ამისა, თურმე ჩვენს მოხსენებებში არ ჩანს მათი სამომავლო პრაქტიკული დანიშნულება. არ ვიცი, რას მოელოდა შემფასებელი ჩვენგან, ენერგიის ალტერნატიული წყაროს შექმნას, ახალი ქიმიური ელემენტის აღმოჩენას თუ ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გათხრას, მაგრამ ჩვენმა მოხსენებებმა, თავისი მიზანი შეასრულა, რაც ჩემთვის ბიბლიის ქართული თარგმანის პოპულარიზაციასა და მისი ტექსტოლოგიური ღირებულების წარმოჩენაში ვლინდება, ხოლო, მეორე მხრივ, ისეთი თეორიის წარმოდგენაში, რომელიც სრულად ცვლის და ახალ მიმართულებას აძლევს, ახალი კუთხითა და პერსპექტივით აჩვენებს ბიბლიის ბერძნული ტექსტის ისტორიას.
გვირაბზე გამახსენდა, როგორც ტაქსისტმა გვითხრა, ბოსტონში ესტაკადები ქალაქის ქვეშაა. ამგვარად ქალაქიც განიტვირთა მანქანებისაგან და არც მისი იერსახე დამახინჯდაო. ამავე ტაქსისტის ცნობით, ბოსტონშივეა მსოფლიოში უძველესი ბეიზბოლის სტადიონი; ბოსტონის მოსახლეობა 700 000 და მისი ნახევარიც სტუდენტები არიან, რომლებიც ჰარვარდის დამთავრების შემდეგ მიდიან ბოსტონიდანო (ვიკიპედიაც ეთანხმება ჩვენს ტაქსისტს, თუ ეს სტატია იმ ჩვენი ტაქსისტის დაწერილი არაა).


P.S. 10 000 მონაწილე რომ დავწერე, ფრიად მებევრა, ავიღე პროგრამა და დავთვალე, არ შეგეშინდეთ, სათითაოდ არ დამითვლია. მონაწილეთა ინდექსის პირველი გვერდის პირველი სვეტის სახელები დავითვალე მხოლოდ (54) და გავამრავლე 4-სა (სვეტების რაოდენობა) და 23‑ზე (გვერდების რაოდენობა). 10 000 არა, მაგრამ თითქმის 5 000 კი გამოვიდა. ან იმ ჩანთასთან ჭიდილში მე გავიგონე არასწორად, ან იმ ყმაწვილმა არ იცოდა ზუსტად და ცოტა მიაბუქ-მოაბუქა.


2018-ში გველის დენვერი!

Wednesday, November 11, 2015

                                          პირველად ხელნაწერებთან

ვისაც ერთ ხელნაწერთან მაინც ჰქონია შეხება, დაეთანხმება იმ აზრს, რომ  ხელნაწერმა შეიძლება მოგწამლოს, მოგწამლოს სამუდამოდ. ხელნაწერია ბიბლიის ფილოლოგიის ყველაზე ამაღლებული, მეტყველი, ჯადოსნური მხარე. არტეფაქტი, რომელმაც წარსულიდან უდიდესი განძი მოიტანა მოგზაურობებით, მტვრიან სარდაფებში მივიწყებებით, ხელიდან ხელში გადასვლებით, დაფასებებით, დაუფასებლობებით... მოიტანა პერგამენტით, პაპირუსით თუ ქაღალდით და მოიყოლა მთარგმნელების, რედაქტორების, გადამწერების საოცრად მეტყველი სახეები.
            ქუთაისი. სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი. შენობის თავზე დამაგრებული საათი, რომელიც მუდმივად გახსენებს, რომ  დრო გადის და ყველაფერმა, რაც დღეს მუზეუმის გარეთაა, შეიძლება, ხვალ მუზეუმის ვიტრინებში გადაინაცვლოს. საოცარია აქ დაცული ექსპონატების - ძველი სამყაროს იარაღის, სამკაულისა თუ საკულტო დანიშნულების ნივთების ხილვა. თუმცა, ყველაზე ემოციური მაინც ის არის, რისთვისაც ამ მუზეუმს ვესტუმრეთ - ხელნაწერები - შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის, კულტურის გამაცოცხლებელნი. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც X-XI-XII საუკუნეების ხელნაწერებს ეხები და აცნობიერებ, რომ მაშინ, ოდესღაც ეს დიდებული ადამიანების ხელში იყო, როდესაც ხვდები, თუ როგორი დამოკიდებულებით იქმნებოდა ხელნაწერი, წარმოიდგენ მთელ პროცესს ტყავის დამუშავებიდან წიგნის შემოსვამდე და გაჟრჟოლებს, ამაყი ხარ და ფიქრობ, რომ უდიდესი განძის მემკვიდრე ხარ, ხვდები, რომ წარსული ერთი ხელისგაწვდენაა და შეგიძლია შეეხო, რა შორეულადაც უნდა გეჩვენებოდეს იგი.
            ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს 20 ივლისს ვესტუმრეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით და პროფესორ ანა ხარანაულის ხელმძღვანელობით. ექსპედიციაში ვიყავით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები და მაგისტრანტები: ეკა კვირკველია (სადოქტორო პროგრამა: ფილოლოგია, ქვედარგი: ქართული ბიბლიის ფილოლოგია), ნონა ნაჭყებია (პროგრამა - შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგიის მაგისტრანტი), თინათინ ჯიქურაშვილი (პროგრამა - შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგიის მაგისტრანტი), ანა მაისურაძე (პროგრამა - შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგიის მაგისტრანტი), ნინო ჩახვაშვილი (პროგრამა - ქართველური ენათმეცნიერების მაგისტრანტი). 
            ქუთაისის მუზეუმში სამუშაოდ ერთი კვირა გვაქვს. ყველაფერი რთულად გვეჩვენება, მაგრამ იქ მომუშავე ადამიანების კეთილგანწყობა და პროფესიონალიზმი გვეხმარება. თავიანთ სამუშაო ოთახს გვითმობენ. განყოფილების გამგე (კურატორი) -  ქალბატონი ციცინო მუმლაძე, ქაღალდის ხელნაწერების რესტავრატორი - ქალბატონი ვიოლეტა ნიჟარაძე, ხელნაწერთა განყოფილების დიგიტალიზატორი - ქალბატონი ეკატერინე ყელაურაძე, რეგისტრატორი - ქალბატონი ნინო კუხიანიძე მთელი კვირის განმავლობაში ყურადღებას არ გვაკლებენ და თავიანთ ცოდნას გვიზიარებენ. აქ ყოფნისას ვხვდებით, რამხელა ადგილი უჭირავს მათ ცხოვრებაში ხელნაწერებს, ხელნაწერებზე ყვებიან არა როგორც ნივთებზე, არამედ როგორც ცოცხალ არსებებზე, რომელთაც უცხოვრიათ, ბევრი განუცდიათ და ბოლოს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაუდიათ ბინა.
            თანამშრომლები გვიხსნიან, რომ გარდა სიგელ-გუჯრებისა და საზოგადო მოღვაწეთა არქივებისა, ქუთაისის მუზეუმში 730 ხელნაწერი ინახება და აქაა თავმოყრილი მთელი დასავლეთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა. აქვე ვიგებთ ერთი გავრცელებული ამბის რეალურ ისტორიას, რომელიც ქუთაისის ისტორიული საზოგადოების დამფუძნებელს - ტრიფონ ჯაფარიძეს უკავშირდება: უღმერთოთა კავშირის წევრებს მოწამეთას ეკლესიიდან ამოუთხრიათ წმინადანების - დავითისა და კონსტანტინეს ძვლები და ქუთაისში, I სკოლასთან დაუყრიათ. თურმე, წმინდანთა  ძვლებზე გადი-გამოდიოდა ვალია ბახტაძე და თან ყვიროდა - აბა, ღმერთი რას მიზამს, თუ მართლა წმინდანები არიანო. ტრიფონ ჯაფარიძეს უთქვამს - მეტი რაღა უნდა გიყოს, გაუგიჟებიხარო. ეს ამბავი სხვადასხვა ვარიაციით დღემდე გავრცელებულია, თუმცა, როგორც წესი, გვარ-სახელებს არ აკონკრეტებენ. (პროფესორი ანა ხარანაული აქაც მიგვითითებს, როგორ უნდა განვასხვავოთ პირველადი და მეორეული პლასტი).
            აქვე ვეცნობით ქუთაისის მუზეუმში დაცულ არაჩვეულებრივ ხელნაწერებს. კალიპოსის (K-76),  ხონჭიორის (K-74), მოწამეთას (K-182), ოქროს (K-375) სახარებები განსაკუთრებულად დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ.
            „1936 წ. ნაპოვნი გელათის მთავარი ტაძრის სამხრეთ-დასავლეთის ფანჯრის ჩარჩოში ჩაკუჭული~ - მოკლე აღწერა K-671-ის შემნახველ ფაილზე. „ჩაკუჭული~ ... ყველაზე მეტად ეს სიტყვა ხვდება გულს... ხვდები, რამდენი რამ შეიძლება იყოს „ჩაკუჭული~ ყველგან. საბოლოო ჯამში ხომ ამ „ჩაკუჭული~ ისტორიის გაცოცხლებას ვცდილობთ.



             დასრულდა ხელნაწერებთან ჩვენთვის პირველი და მრავლისმომცემი ურთიერთობის დღეები. გვსურს, გულწრფელი მადლობა ვუთხრათ ქუთაისის მუზეუმის თანამშრომლებს და გამოვთქვათ სურვილი, რომ ყველგან მსგავსი კეთილგანწყობით შეხვდებიან ხელნაწერების კვლევით დაინტერესებულ პირებს.

            

                                                   ანა მაისურაძე
თინათინ ჯიქურაშვილი